8/09/2011

ხოსე მანუელ მორენო (არგენტინა, რივერ პლეიტი) - ,,პირველი დი სტეფანო”

ინფორმაცია განსჯისათვის:
  
  • მორენო არის კოპა ამერიკის, უძველესი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.
  • მორენო გახლავთ ,,რივერ პლეიტის” საუკუნის მოთამაშე.
  • მორენო დასახელებულია არგენტინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 
  • IFFHS-ს ვერსიით არის არგენტინის მე-3 ფეხბურთელი ისტორიაში (მარადონას და დი სტეფანოს შემდეგ). სამხრეთ ამერიკაში კი მე-5 ადგილი უკავია (მის წინ არიან მხოლოდ პელე, მარადონა, დი სტეფანო და გარინჩა)
  • იგივე IFFHS-ის ვერსიით მორენო ყველა დროის და ყველა ეროვნების მოთამაშეთა ჩამონათვალში 25-ე ადგილზეა. იმ ფეხბურთელთაგან ვისაც არასდროს უთამაშია ევროპაში, მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე უმაღლესი ადგილია. 
  • საუკეთესო სეზონები ჰქონდა 38-ში (32 გოლი 31 თამაშში შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან და ახალგაზრდა ხოსემ თავის გუნდში თვით ლეგენდარულ ცენტრ-ფორვარდ ბერნაბე ფერეირას (ვისი რჩევითაც აიყვანეს ,,რივერში”) გაასწრო. 41-ში (თეორიულად თუ ვიტყვით იმ პერიოდში ,,ოქროს ბურთის” არსებობის შემთხვევაში ალბათ იგი მოიგებდა), 42-ში (იგივე რაც 41-ში) და 47-ში (დაასახელეს კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ)
  • არგენტინამ უაზრო მიზეზით თქვა უარი 38 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე (არგენტინის ნაკრები უძლიერესად ითვლებოდა მსოფლიოში და იმ წელს სხვათა გარდა ყავდა საუკეთესო ფორმაში მყოფი მსოფლიო დონის 3 მოთამაშე: სასტრე, ბერნაბე ფერეირა და ახალგაზრდა მორენო. თავდასხმას ,,ტორნადოს” უწოდებდნენ). 42-ში და 46-ში კი ომმა კაცობრიობას წაართვა შესაძლებლობა დამტკბარიყო ხოსე მანუელ მორენოს არტისტული თამაშით.
  • არგენტინა ,,კაპრიზების” გამო უარს ამბობდა ოლიმპიადაზე და ზოგჯერ იმ დროს პრიორიტეტულ კოპა ამერიკაზეც კი არ მიდიოდნენ (იმ წლებში ურუგვაი, ბრაზილია და სხვები თითქმის ყოველთვის უძლიერეს გუნდებს აგზავნიდნენ. 
  • მორენომ სამჯერ მოიგო ,,კოპა ამერიკა” და 5-ჯერ არგენტინის ვარსკვლავური ჩემპიონატი.
  • მორენო 4 ქვეყანაში გამხდარა ჩემპიონი - შედეგი, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიმეორეს ვეამ თუ რივალდომ (და არავის გაუუმჯობესებია). 
  • არგენტინაში მარადონას გამოჩენამდე მორენო ითვლებოდა უპირობო ნომერ პირველ ფეხბურთელად ყველა დროის (დი სტეფანოს ,,მოღალატეობის” გამო არ განიხილავდნენ). 
  • მექსიკაში მორენომ იმხელა კვალი დატოვა, რომ დღესაც აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვისაც იქ ფეხი დაუდგამს (ხოსე მანუელი ლეგენდარულ ბასკ ისიდრო ლანგარასთან და მექსიკის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელ დე ლა ფუენტესთან ერთად არბევდა კონკურენტებს. მათი კლუბს ასახელებენ ყველა დროის 3 საუკეთესო მექსიკურ კლუბს შორის). სწორედ მექსიკაში შეარქვას მას მეტსახელი ,,ელ ჩარრო” (იქაური ,,კოვბოი”)
  • კოლუმბიაში უკვე ,,ვეტერანმა” მორენომ სასწაული შეძლო და ჩემპიონატის მიწურულს გადაასწრო ,,მილიონარიოსს”, სადაც ბრწყინავდნენ არგენტინის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელში მყოფი დი სტეფანო და პედერნერა. კოლუმბიაში დღემდე მოიხსეინება მორენოს სახელი გუნდის ,,გამამხნევებელ” სიმღრებში..
  • ჩილეში მორენო ლეგენდარულ მეკარე სერხიო ლივინგსტონთან ერთად გახდა ჩემპიონი. ახლახანს ჩილეს ცნობილ გამოცემა ,,ელ მერკურიოში” ჩატარებული გამოკითხვით, მორენო აღიარებულ იქნა ყველაზე დიდ უცხოელად ვისაც ჩილეში უთამაშია. 33 წლის მორენოს ჩილეში გადაყვანას დიდი სკანდალი მოყვა, მასში იმ დროისთვის საარაკო თანხა გადაიხადეს, როგორც ამბობენ იმის შემდეგ დღემდე იქაურ კლუბებს არცერთ უცხოელ ფეხბურთელში არ გადაუხდიათ მეტი.
  • მორენომ ურუგვაიში თამაშისას გავარდნის კანდიდატი გუნდი ლიდერებში გაიყვანა. იქაც, ბევრი ,,ძველი” გულშემატკივარი თვლის, რომ ასეთი უცხოელი მოთამაშე მათ ჩემპიონატში არასდროს გამოჩენილა.
  • მორენომ გავარდნისგან იხსნა თავისი ბავშვობის ,,სალოცავი” ,,ბოკა ხუნიორსი” (ეს არც შემდეგში დაუმალავს ,,რივერის” გულშემატკივრების კერპს), თუმცა ბავშვობაში ის ,,ბოკას” მე-5 გუნდის მწვრთნელმა ,,დაიწუნა” 2 გოლის მიუხედავად).
  • ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ურუგვაის ყველა დროის უდიდესმა კაპიტანმა ობდულიო ვარელამ, გაბეზრებულმა მორენოს და ენრიკე გარსიას (მითიური დუეტი ნაკრებში) ,,მასხრობით” ლეგენდარულ მწვრთნელ სტაბილეს მიაძახა ,,ან შეწყვიტონ ჩემთან ასეთი თამაში ან საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ”
  • მორენოს, რომელიც სულაც არ იყო ,,გოლზე დაგეშილი” (განსხვავებით უმრავლესობა ვარსკვლავებისა იმ დროიდან) და თამაშობდა საკმაოდ უკან, ამხანაგურების ჩათვლით გატანილი აქვს 850 გოლი 950 თამაშში (არცერთი პენალტიდან). იმ დროს საგოლე პასებს არ ითვლედნენ, არადა როგოც ამბობენ ამ მონაცემში მისთვის ძნელად რომ ვინმეს კონკურენცია გაეწია.
  • ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მორენოს თვლის: ,,ადრე მე ბევრი მჯობდა, ამის გამეორებით არ დავიღლები. მორენო ჩემი კერპი იყო, ვინ ვარ მე მასთან შედარებით? ის იყო არტისტი ყველაფერში - ფეხბურთში, პირად ცხოვრებაში, კინოში, თეატრში, ცეკვაში...10 წლით იყო ჩემზე უფროსი. ერთხელ როდესაც ჩემპიონატის გადამწყვეტ თამაშს ვთამაშობდით, გამოსვლისას მას რკინის ბოქლომი მოარტყეს თავში, მე ვეუბნები ,,მკვეხარა, - მოფერებით ასე მხოლოდ მე ვეძახდი მას - სისხლისგან იცლები” ,,ყველგან სისხლია მკვეხარავ” მან მიპასუხა ,,გაჩუმდი, ფეხბურთელი არასდროს უნდა ნებდებოდეს”. ამ მოვლენამ ახალგაზრდა ალფრედოზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომავალში არასდროს ტოვებდა მოედანს, როგორი ტრავმაც არ უნდა მიეღო.
  • ,,რეალში” დებიუტისას დი სტეფანო 27 წლის იყო, ჩამოყალიბებული, საუკეთესოდ განსწავლული მორენოს თუ სასტრეს თამაშებზე. მხოლოდ საბოლოო ტრიუმფი აკლდა, რასაც მალევე მიაღწია. დონ ალფრედო ყოველთვის აღნიშნავდა მორენოს დახმარებას მოედანზე და მის მიღმა.იგი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა დი სტეფანოზე, რომ პირველი შეხვედრისას მორენოს მიერ ნათქვამი ,,4 წინადადება” ზუსტად ახსოვს. დი სტეფანოს თქმით კრუიფის გარდა არ არსებობდა შემტევი, რომელსაც ასეთი გავლენა ჰქონდა წინა და უკანა ზონებში ერთდროულად.
  • მორენო თამაშობდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიადესი გუნდის ,,მანქანა-რივერის” (პირველი გუნდი რომელიც ,,ტოტალურ ფეხბურთს” ,,იყენებდა”) შემადგენლობაში. სწორედ იმდროინდელ 5 ფორვარდს უწოდებდნენ ,,მანქანას”, ჯერ ,,პირველი თაობა” ბრწყინავდა (სადაც მორენო ყველაზე ახალგაზრდა იყო) შემდეგ მეორე და უფრო ცნობილი, მორენოს დირიჟორობით. იყო მესამე ბრწყინვალე ხუთეულიც, სახელად ,,ლა ელექტრიკა”, უკვე ახალგაზრდა დი სტეფანოსთან ერთად ნაკრებში, მაშინ მათ ,,კოპა ამერიკა” მოიგეს (47 წელს). 
  • ,,მანქანამ” (მორენო-პედერნერა-ლაბრუნა-ლოუსტაუ-მუნიოსი) მხოლოდ 18 თამაში გამართა ერთად და სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. ეს იყო გუნდი სადაც ყველა ჩამოდიოდა უკან და ყველა მიდიოდა წინ. მორენო მათგან ყველაზე სახელგანთქმული და ,,ავარდნილიც” იყო. ის ,,ხელით სატარებელი” პიროვნება გახლდათ, არ შეეძლო უარი ეთქვა ,,ღამის ცხოვრებაზე”, ამბობენ რომ  თამაშის წინაც კი სვამდა და თამაშობდა მხოლოდ მაყურებლის სიამოვნებისთვის. მას აღმერთებდნენ სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში და ეს მაშინ,  როდესაც ინფორმაციის ფართოდ გავრცელება თითქმის შეუძლებელი იყო.
  • მორენოს უწევდა თამაში მაშინ, როცა უდიადესი არგენტინელი ფეხბურთელები კაშკაშებდნენ - 30-იანებში სასტრე და სხვები, 40-იანებში ფანტასტიკური ფეხბურთელების პლეადა (ორი საუკეთესო თაობა არგენტინელთა ისტორიაში: ,,ფეხბურთის მეფენი”) და მათი ,,გვირგვინი” მორენო გახლდათ, 50-იანებში დი სტეფანო, 60-დან კი სივორი. ზოგჯერ ამბობენ, რომ თუ 60-იანი წლების შემდგომი ყველა დროის არგენტინის წარმოსახვითი ნაკრები შეხვედროდა 60-იან წლებამდე არგენტინის ნაკრებს - ორმაგი ანგარიშით წააგებდნენ, უბრალოდ მარადონას ყოველ გოლს მორენო თუ დი სტეფანო ორ-ორით უპასუხებდნენო. ,,ბურთით თამაშის მომგონები” - დონ ალფრედოს სიტყვები 30-40-იანი წლების მითიურ ფეხბურთელებზე.
  • მორენოს ძალიან უყვარდა კაბარეები. ის ყოველ ღამეს მამამისთან ერთად იქ ატარებდა, ცეკვავდა ტანგოს, მღეროდა, უკრავდა, სვამდა ვისკის...ხოლო როდესაც მან 1 კვირის განმავლობაში ,,რივერის” დაჟინებული მოთხოვნით ,,მარხვა შეინახა”, თავისი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ,,ჩარრომ” სმა განაახლა, ,,რივერმა” კი ის 9 თამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფეხბურთელებმა მორენოს მხარე დაიჭირეს და ,,რივერს” მთელი ის პერიოდი დამწყები ფეხბურთელებით უწევდა ფონს გასვლა.
  • ,,რივერის” ლეგენდარული სტადიონი ,,მონუმენტალი” მხოლოდ ორ ფეხბურთელს ეგებებოდა ფეხზე დამდგარი: დი სტეფანოს და მორენოს
  • მორენო ,,შეესწრო” მარადონას პირველ ბრწყინვალე თამაშებს. ის აგრეთვე დატკბა 78 წლის, არგენტინისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონობით, რის შემდეგაც 62 წლის ასაკში წარსულში ,,ბოჰემური” ცხოვრების გამო წარმოქმნილ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა. 
  • ,,რივერის” გავარდნიდან ცოტა ხანში, ,,მონუმენტალის” სტადიონიდან სასწრაფო დახმარების მიერ წაყვანილ ,,რივერის” 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ბეტო ალონსოსგან მის მეგობარს მიუვიდა მესიჯი, რომელიც მას გულის შეტევამდე რამდენი წუთით ადრე დაეწერა: ,,ჩარრო მორენოს აჩრდილი ამათ არასდროს არ მოასვენებს”

დასკვნის სახით: მორენო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. მსოფლიო ომების თუ არგენტინის ფედერაციის ხელმძღვანელთა გაუთავებელი პროტესტების გამო სამხრეთ ამერიკის ყველაზე გაკერპებული მოთამაშე (1950 წლამდე) მსოფლიომ ვერ იხილა. მისი შეყვანა თამამად შეიძლება 5 უდიადეს ფეხბურთელში, ვისაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა ის თავისუფლად შედის ისტორიაში 10 ყველაზე სრულყოფილ მოთამაშეთა ვირტუალურ სიაში. მას უწოდებდნენ ,,პირველ დი სტეფანოს”, გამომდინარე იქიდან რომ ის უკნიდან უკეთებდა ორგანიზებას თამაშს და ძლიერი იყო შავი სამუშაოს შესრულებაში. ზოგჯერ იგი მე-2 ფორვარდი იყო, ზოგჯერ შემტევი ნახევარმცველი, ზოგჯერ კი პოზიციურად კიდევ უფრო უკან. შეეძლო შეტევა როგორც მარცხენა (მარადონა) ისე მარჯვენა (დი სტეფანო) მხრიდან. მასზე ამბობენ, რომ ჰქონდა პელეს გამძლეობა, მარადონას ნიჭი და დი სტეფანოს შრომისმოყვარეობა.
განსაკუთრებით ძველი ფეხბურთელები (მათ შორის ლეგენდები) და გულშემატკივრები ამბობენ რომ მორენო იყო უკეთესი ვიდრე მარადონა თუ დი სტეფანო. ,,ელ ჩარრო” - ნაზავი ამ ორი უდიდესი ფეხბურთელისა და აერთიანებდა ორივეს საუკეთესო თვისებებს. ის ურტყამდა ორივე ფეხით, არა ძლიერად, მაგრამ უზუსტესად. შეუდარებელი იყო მეორე სართულზე ორთაბრძოლებში და თავით თამაშში. ფარავდა, იდეალურად გადაადგილდებოდა მთელ მოედანზე. უდიდესი შემქნელი, გადამწყვეტ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე, ტაქტიკურად თამაშში შეუდარებელი, საუკეთესო დრიბლინგი და ფინტები.
მორენო ხშირ შემთხვევაში არც კი ცდილობდა გოლის გატანას, ურჩევნოდა თანაგუნდელზე ეთამაშა. ასევე ხშირად ყოფილა შემთხვევა როცა შეტევის იოლად დასრულება საგოლე პასით შეეძლო, მაგრამ მაყურებლების გართობის მიზნით უფრო რთულად შესასრულებელ ილეთს მიმართავდა.
ცნობილია, რომ არგენტინაში შუახნის გულშემატკივრები საუკეთესოდ დი სტეფანოს თვლიან, ახალგაზრდები მარადონას, ხანდაზმული ხალხი კი უპირობოდ მორენოს.

    No comments:

    Post a Comment