8/07/2011

ვალენტინო მაცოლა (იტალია, ტორინო) - პირველი ,,ტოტალური” ფეხბურთელი

ინფორმაცია განსჯისათვის:

  • ვალენტინო მაცოლა - ,,ტორინოს” უდიადესი მოთამაშე 30 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში თითქმის მთელ გუნდთან ერთად დაიღუპა. (,,დიდი ტორინო”) 
  • ,,კაპიტან ვალენტინოს” ,,ტორინოში” გადასვლიდან დაღუპვამდე 7 სეზონში ,,ტორო” 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და ის სეზონიც მე-2 მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა.
  • მის ,,ტორინოს” ეკუთვნის რეკორდი საშინაო წაუგებელ სერიაში: 43 წლიდან 49-მდე, ესე იგი მისი ტურინში გადასვლიდან სიკვდილამდე გუნდი სახლში დაუმარცხებელი გახლდათ. ალბათ არასდროს არსებულა მსგავსი დომინანტი კლუბი იტალიაში (თუ არ ჩავთვლით ,,5 სკუდეტოს იუვეს”) - ერთ-ერთი სეზონი კლუბმა მე-2 ადგილოსან ,,მილანზე” 16 ქულით მეტით დაამთავრა - რეკორდული სხვაობა, რომელიც ორიოდე წლის წინ დაამხო ,,ინტერმა”.
  • მაცოლა იტალიის ნაკრების კაპიტანიც გახლდათ. მაშინ მსოფლიოს ზედიზედ 2-გზის ჩემპიონთა ნაკრების ,,საბაზო გუნდი” ,,ტორინო” იყო (9-10 ფეხბურთელი ძირითადში) და ომის არარსებობის თუ ,,ტორინოს” არდაღუპვის შემთხვევაში იტალია ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნებოდა 42 და 46 (არგენტინასა და ინგლისთან ერთად).
  • ,,ტორინომდე” ახალგაზრდა ვალენტინომ ,,ვენეციას” იტალიის თასი მოაგებინა - დღემდე ერთადერთი ტიტული ,,ვენეციას” არსებობის ისტორიაში. გარდა ამისა, გუნდმა ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა - ასევე საუკეთესო, სენსაციური შედეგი ამ გუნდისთვის. 
  • მაცოლამ მხოლოდ 2 თასის მოგება მოასწრო 3 სეზონიდან (,,ტორინოში” პირველ წელსვე ,,დუბლი”). ომის გამო იმ წლებში თასი აღარ ჩატარებულა.
  • მის საპატივსაცემოდ ერთ-ერთ კლუბს ,,ვალენტინო მაცოლა” ჰქვია.
  • მისი სახელი იმდენად შორს იყო ,,გავარდნილი” რომ მაშინ ახალგაზრდა და შემდგომში ცნობილ ფორვარდ ალტაფინის გარკვეული მსგავსების გამო ბრაზილიაში ,,მაცოლას” ეძახდნენ.
  • ,,ილ კაპიტანოს” შვილი იყო ,,ინტერის” ლეგენდარული ფეხბურთელი სანდრო მაცოლა. ცოლთან გაყრის შემდეგ სანდრო ვალენტინოსთან დარჩა, მეორე შვილი კი დედასთან. ვალენტინოს რეგულარულად დაჰყავდა სანდრო ვარჯიშებზე და ,,ამეცადინებდა”. სამწუხაროდ დიდი კაპიტანი ვერ მოესწრო სანდრო მაცოლას გენიალურ თამაშს, მისი მეორე შვილის უდიდესი მიღწევა კი ,,სერია ა”-დან გავარდნას თუ ჩავთვლით. 
  • 10 წლის ვალენტინომ 6 წლის ანდრეა ბონომი სიკვდილს გადაარჩინა, პატარამ ფეხბურთის თამაში დაიწყო და შემდეგ ,,მილანის” კაპიტანიც გახდა.

დასკვნის სახით: ვალენტინო ბევრის აზრით იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - უფრო წინ, ვიდრე ჯუზეპე მეაცა, ბაჯო, რივერა თუ სანდრო მაცოლა. საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატში მეაცას დაწყებული ეპოქა (30-იანები) სწორედ მაცოლამ გააგრძელა და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ,,გამეფდა” ბონიპერტი, ის რასაც სხვებთან ერთად ბევრი წელი ამაოდ ცდილობდა სილვიო პიოლა. მეტად სამწუხაროა, რომ ვალენტინოს არ მიეცა შესაძლებლობა მსოფლიო თასზე თამაშის, ამის გარდა უკვე მის დროს ,,ჩამოყალიბებადი” ,,მილანის” ლეგენდარულ ტრიოსთან (ლიდჰოლმი-ნორდალი-გრენი) შეჭიდების შანსი. მით უფრო სამწუხაროა, რომ ვალენტინო პროგრესირებდა და ბოლო 2 სეზონი საუკეთესო გახლდათ მის კარიერაში.
დღეს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ფანტაზია მოვიშველიოთ თუ რას მიაღწევდა ,,ტორინო” ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. ან რას მიაღწევდა იტალიის ნაკრები 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ დროს ნაკრების ძირითადში 9-10 ,,ტორინოელი” თამაშობდა. ლეგენდარული მწვრთნელი ვიტორიო პოცო ,,ტორინოს” დაღუპვის შემდეგ აბსოლუტურად განიარაღებული აღმოჩნდა. რას მიაღწევდა მომავალში ,,ტოტალური” ,,ტორინო”? მითუმეტეს იქ რომ ყველა დროის ერთ-ერთი სრულყოფილი მოთამაშე კუბალა გადასულიყო? (ლასლო 49-ში ევროპის უპირველეს გრანდში (,,ვულვზთან” ერთად) კინაღამ ჩაირიცხა, ,,ბარსელონა” (და თავისთავად კუბალა, რომელმაც წინადადება არ მიიღო) კი ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეს რომ მომავალში თავისი საუკუნის ფეხბურთელი კატალონიაში გადავიდა და დაღუპულ თვითმფრინავში არ აღმოჩნდა - მოვლენა, რაც თავისუფლად შეიძლებოდა ასრულებულიყო, რადგან ,,ტორომ” კუბალა იმ ,,დათარსულ” რეისზე დაპატიჟა). - რას მიაღწევდა ,,ტოროს” 4-2-4 სათამაშო სისტემით და სტილით (ტაქტიკით, რომლითაც 58 წლის ფეოლას ბრაზილიამ სამუდამოდ გაითქვა სახელი). ანაც საერთოდ როგორი იქნებოდა იტალიური ფეხბურთი: ლაღი, შემტევი და სეზონში 125 გოლის გამტანი ,,ტორინოს” მყოლი ქვეყანა მიიღებდა შემდეგ ,,კატენაჩოს”?
მაცოლა შეტევასაც უწევდა ორგანიზებას და დაცვასაც - .ტოტალური ფეხბურთელის” ერთ-ერთი პირველი ნიმუში. ამპლუით ის შემტევი ნახევარმცველი იყო, ზოგჯერ მე-2 ფორვარდიც. გარდა ფანტასტიკური შედეგიანობისა, შეეძლო კონტაქტურ ორთაბრძოლებში შესვლა, შავი სამუშაოს შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ტექნიკაზე, ელეგანტურ თამაშზე თუ ზუსტ პასებზე. ის ფაქტობრივად სრულყოფილი გახლდათ: ფიზიკურად ძლიერი, უძლიერესი და ზუსტი დარტყმები, სისწრაფე, პოზიციების ცვლა,  კრეატიულობა...ქარიზმატული ფეხბურთელი ნამდვილი ,,სულიერი ლიდერი” იყო თანაგუნდელების, საოცრად შეეძლო მოტივირება და ,,აყოლიება”.
40-იანების ეს მოთამაშე უფრო თანამედროვე სტილის ფეხბურთს თამაშობდა და ყოველთვის ამბობდა, რომ იგებს 11 კაცი და არა მხოლოდ ერთი. მთელ დეკადაში მას ევროპაში ბადალი ძნელად თუ ყავდა. ვალენტინო თავისუფლად შედის იტალიის ყველა დროის 11 კაცში. ძალიან რთულია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მის პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელის დასახელება. თავის წლებში კი იგი მეტიუზთან, ხოსე მორენოსთან და ზიზინიოსთან ერთად აშკარად საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ მსოფლიოში. 

1 comment:

  1. მშვენიერი სტატიაა, ნათარგმნია თუ თქვენი დაწერილია?

    ReplyDelete