8/04/2011

იან ,,ბიმბო” პოპლუხარი (სლოვაკეთი, სლოვანი) - ძველი ბლანი

ინფორმაცია განსჯისათვის:
  • 60-იანი წლების 1 ნახევარში მიჩნეულ იყო საუკეთესო ცენტრალურ მცველად ((ჟ)ერმანო ფიგეირედო (,,ბენფიკა”) თუ სხვებთან ერთად)
  • ის არათუ არასდროს გაუძევებიათ მოედნიდან, ყვითელიც კი არ მიუღია - არნახული მოვლენა ცენტრალური მცველისთვის (67-ში მიღებული აქვს ,,ფეირ-პლეის” ჯილდო). მას ნაკრების მწვრთნელისგან მეტსახელი ,,ბიმბოც”  აქვს შერქმეული, უწყინარი, ,,სპილოსებრი” ხასიათის გამო. ცნობილია ეპიზოდი მსოფლიო თასის ფინალში, სადაც ის მსაჯს ანიშნებს დაშავებულ პელეზე, ნაცვლად თავისთვის სასარგებლო სიტუაციის გამოყენების და თამაშის გაგრძელებისა..
  • 2000-ში სლოვაკური გამოკითხვით აღიარეს სლოვაკეთის საუკუნის ფეხბურთელად. 2003-ში კი უეფასგან მიიღო პრიზი როგორც სლოვაკეთის ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა. (ქართული შესატყვისი ამ პრიზისა მურთაზ ხურცილავას ეკუთვნის)
  • 62 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი (ჩეხოსლოვაკია დამარცხდა გარინჩას ბრაზილიასთან). განსხვავებით ოფიციალური ვერსიისგან, იმდროინდელმა ჟურნალისტებმა პოპლუხარი ჩემპიონატის სიმბოლურში მოახვედრეს, დაასახელეს რა საუკეთესო ცენტრალურ მცველად (ამ სიმბოლურში მოსახვედრად ცოტა დააკლდა მიხეილ მესხს)
  • ევროპის პირველი ჩემპიონატის (1960) ბრინჯაოს პრიზიორი (ჩეხოსლოვაკია დამარცხდა ჩემპიონ საბჭოთა კავშირთან, სადაც ბრწყინავდნენ იაშინი თუ მეტრეველი)
  • კაპიტნობდა ჩეხოსლოვაკიას, თავისი ერთადერთი გოლი ნაკრებში გაიტანა მარაკანაზე, ბრაზილიის ნაკრების კარში (2:2)
  • 1965 წელს დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად, საუკეთესო ფორმაში მყოფ, ლეგენდარული ჩეხის, იოზეფ მასოპუსტის წინ.
  • ,,ბაზრობათა თასის” 2-გზის გამარჯვებული (,,სლოვანი” ბრატისლავა).
  • არაერთხელ მიუწვევიათ იმდროინდელ ვარსკვლავთა მატჩებში (ლეგენდარული ,,დანარჩენი ევროპის” გუნდი, რომელიც მხოლოდ უდიდესი მოვლენების დასაფასებლად იკრიბებოდა), უთამაშია დი სტეფანოსთან, პუშკაშთან, ლოუსთან, ეუსებიუსთან, ზეელერთან, კოპასთან თუ მეტიუზთან ერთად. სერ სტენლი მას ერთ-ერთ უძლიერეს და თავის ფავორიტ მცველად მიიჩნევდა. თვითონ ,,ბიმბო” კი პელეს დამფასებელი გახლდათ.
  • აღიარებულია ,,სლოვანის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.
  • ირიცხებოდა და ლიდერობდა 1969 წელს, თასების თასის ფინალში რეშაკის ,,ბარსელონასთან” 3:2 მომგებ გუნდში. (გათამაშების შუა პერიოდში გადავიდა ,,ლიონში”)
  • გარდაიცვალა 2011 წელს, 75 წლის ასაკში.

დასკვნის სახით: პოპლუხარი არამარტო სლოვაკური ფეხბურთის ლეგენდაა, არამედ ზოგადად ჩეხოსლოვაკიურისაც. მისთვის თავისუფლად გამოიძებნება ადგილი ჩეხოსლოვაკიის - ამ დიდი ისტორიის ნაკრების ყველა დროის ვირტუალურ სიმბოლურში. პოპლუხარს თამაში მოუწია მაშინ, როდესაც თავის საუკეთესო თამაშებს აჩვენებდნენ: ეუსებიო, პელე, გარინჩა, ხენტო, პელე თუ ლუისიტო სუარესი. ,,ბიმბო” ძალიან ძლიერი ,,სტოპერი” (პერსონალურად მოთამაშე) გახლდათ. ხშირად თამაშობდა ნახევარდაცვაშიც, იყო ფიზიკურად ძლიერი, პასში და საერთოდ თამაშში ,,აკურატული” მცველი, ზოგჯერ ნახევარმცველიც. შესანიშნავად კითხულობდა თამაშს და იშვიათად აგებდა საჰაერო ორთაბრძოლებს. ყოფილ საბჭოთა კავშირს თუ აღმოსავლეთ ევროპას მთლიანად (უნგრეთი, ყოფილი იუგოსლავია, პოლონეთი და ა.შ.) ბევრი უდიადესი ცენტრალური მცველი ყოლია, ველიბორ ვასოვიჩი (სერბეთი), ალბერტ შესტერნიოვი (საბჭოეთი), ხურცილავა, ჩივაძე თუ სხვები, მაგრამ პოპლუხარი ამ გიგანტებშიც ერთ-ერთი მოწინავეა. 
ფეხბურთის ისტორიაში ცოტა თუ ყოფილა ამ სლოვაკ ფეხბურთელზე უკეთესი ,,სტოპერი”.

1 comment:

  1. ცნობილია ეპიზოდი მსოფლიო თასის ფინალში, სადაც ის მსაჯს ანიშნებს დაშავებულ პელეზე, ნაცვლად თავისთვის სასარგებლო სიტუაციის გამოყენების და თამაშის გაგრძელებისა..
    არ არის სწორი. ჩეხები ბრაზილიელებს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და პელე მაშინ დაიმტვრა და იმის შემდეგ 62 წლის მსოფლიო თასზე არ უასპარეზია. ასე რომ ფინალში პელე არ იყო

    ReplyDelete