8/05/2011

ვან ჰანეგემი (ჰოლანდია, ფეიენოორდი) - ჰოლანდიელი რიველინო

ინფორმაცია განსჯისათვის:
  • ჰოლანდიაში ვან ჰანეგემი ითვლება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კრუიფის შემდეგ. მას ასევე თვლიან ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ნახევარმცველად ფეხბურთის ისტორიაში.
  • მისი ოჯახის წევრები მე-2 მსოფლიო ომში გერმანელებმა დახოცეს. ვან ჰანეგემი ღიად აცხადებდა გერმანელებისადმი ზიზღს მსოფლიო თასის ფინალის წინ, თუმცა  სიძულვილი არ უშლიდა ხელს ეღიარებინა უდიდეს ფეხბურთელებად ოვერატი თუ ნეტცერი. ,,ვიმი” ორივეს საკუთარ თავზე უკეთეს შემტევ ნახევარმცველად თვლიდა.
  • მას ,,მოღრეცილი” ფეხები და თავისებური მანერა ჰქონდა პასების თუ დარტყმების შესრულებისა - განსაკუთრებული ტრაექტორიით ,,ჭრიდა” ბურთს. 
  • ითვლება ,,ფეიენოორდის” საუკუნის ფეხბურთელად (მეორე ვერსიით ჩამორჩება მხოლოდ კოლენ მულეინს)
  • ცუდ ფორმაში იყო ევროპის 76 წლის ჩემპიონატზე. ნაწილობრივ ტრავმის გამო უარი თქვა 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ბევრის აზრით კრუიფი/ჰანეგემის დუეტიდან ერთის ყოფნის შემთხვევაში ჰოლანდია ფინალს არ წააგებდა.
  • იყო ლიდერი, ,,ტვინი” და გადამწყვეტი მოთამაშე ერნსტ ჰაპელის ,,ფეიენოორდის”- გუნდის, რომელმაც თითქმის ყველაფერი მოიგო. 1970 წელს (თუ გავითვალისწინებთ მთლიან წელს) მისნაირი დონის თამაში მხოლოდ ოვერატმა აჩვენა. მიუხედავად ამისა ,,ოქროს ბურთზე” ჟურნალისტებისგან მხოლოდ 4 ქულა მიიღო. (ჰოლანდიის ნაკრები იმ წლებში ,,მეორე ეშელონის” გუნდიც არ ყოფილა, თავისთავად ვერც 70 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდნენ)
  •  აღსანიშნავია 74 წელი, როდესაც ვან ჰანეგემის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და უეფას თასი (ჰოლანდიის ჩემპიონატი მაშინ ,,ელიტარული” გახლდათ)
  • ჰოლანდიური ცნობილი გამოცემის მიხედვით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ფეხბურთელად ისტორიაში (გავიდა მე-3 ადგილზე, პირველზე ბასკი გოიკოეჩეა). ეს ,,სახელი” მას დიდწილად მოუპოვა 71 წელს ნეესკენსისთვის იდაყვის ჩარტყმამ.
  • ვან ჰანეგემი დიდად მეგობრობდა კრუიფთან თუ ნეესკენსთან და ,,იოჰან პირველს” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თვლიდა. 

დასკვნის სახით: მიუხედავად იმისა რომ ვან ჰანეგემმა უდიდეს კვალი დატოვა ჰოლანდიურ ფეხბურთში, ის მაინც ითვლება ბოლომდე არარეალიზებულ ფეხბურთელად. ზოგიერთი მას მეტისმეტ ,,სიზანტეს” სწამებდა (ცნობილია თამაშები, სადაც ვან ჰანეგემი ფაქტობრივად ,,ადგილზე” ,,ჯადოქრობდა” და თითქმის არ დარბოდა). მას აკრიტიკებდნენ პასიურობის თუ თამაშის ,,რიტმის” ვერგაკონტროლების გამოც. ამისდამიუხედავად, ჰოლანდიას თავის ისტორიაში თითქმის არ ყოლია ასეთი დონის ,,შუა” ნახევარმცველი, თუ არ ჩავთვლით ნეესკენსს (რომელიც ძირითადად უფრო უკან მოქმედებდა) და გულიტს (რომელიც უფრო შემტევი იყო ვიდრე ,,ვიმი”).
ვან ჰანეგემი გამოირჩეოდა ელეგანტური თამაშით, გრძელი პასებით, მისი ,,ბურთთან მოპყრობა” განსაცვიფრებელი გახლდათ. იყო კარგად განსწავლური ტაქტიკურ ასპექტში. ხშირმა ტრავმებმა მას ძალიან შეუშალა ხელი.
 განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ,,ტოტალური ფეხბურთის” აღმოცენების და ზეობის ხანაში, ვან ჰანეგემი მიეკუთვნებოდა სრულიად სხვა სტილს. ,,აიაქსი” გაცილებით უფრო თამაშობდა ,,ტოტალურ ფეხბურთს” ვიდრე 74 წლის ,,მექანიკური ფორთოხალი” (ჰოლანდიის ნაკრები). სახელგანთქმული ჟურნალისტი გრენვილი ფინალის წინ წერდა, რომ თუ ვან ჰანეგემის ადგილას ყოფილიყო გერი მიურენი და ნაკრებს ეთამაშა ,,აიაქსის” ტრიოთი (ჰაანი-ნეესკენსი-მიურენი) გერმანიის ნაკრებს  შანსი არ ექნებოდა ჰოლანდიელთა შეჩერებისა, ვინაიდან ზემოხსენებული ტრიო თამაშობდა ,,ნამდვილ” ტოტალურ ფეხბურთს - სამივე იდეალურად ასრულებდნენ ერთი-მეორის სამუშაოს და შემტევ თამაშში ხელს უწყობდნენ კრუიფს. არ იყო მიურენი, არც ჰიულსხოფი (კიდევ ერთი ,,აიაქსელი”, რის გამოც არი ჰაანს დაცვისკენ უფრო  მეტად დახევა მოუხდა) და ფინალში, ისევე როგორც მთლიან ტურნირზე ჰოლანდიელთა გუნდურ თამაშში გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა. ყველაფერი ეს თავისთავად ჰოლანდიელთა  გუნდური თამაშის ორგანიზაციის პრობლემებს ეხება და არ ამცირებს სტატიის გმირს, რომელმაც ბრწყინვალე მსოფლიო თასი ჩაატარა და საყოველთაო მოსაზრებით ფინალის საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ ის გახლდათ. ჰოლანდიური ფეხბურთის ,,ასი” - ასე მოიხსენიებდნენ ორადორ ფეხბურთელს იმ დიდებული პლეადიდან: კრუიფსა და ,,ვილმუს" ვან ჰანეგემს.

No comments:

Post a Comment