8/04/2011

ზიტო (ბრაზილია, სანტოსი) - თანამედროვე შესატყვისი - მასკერანო

ინფორმაცია განსჯისათვის:
  • ,,ვასკო და გამას” ლეგენდარულ ფორვარდ ადემირის აზრით, 82 წელს საჩემპიონოდ ბრაზილიას სწორედ ზიტო აკლდა, მისივე სიტყვებით: კაცი, რომელიც პელედან დაწყებული, ვავა/დიდის გავლით, ნილტონ/ჯალმა სანტოსებით დამთავრებული ყველას ,,გახსნაში” უწყობდა ხელს.
  • 58-ში, ვისენტე ფეოლას ლეგენდარული ტაქტიკა 4-2-4 სწორედ ზიტოზე იყო აგებული. იგი იყო პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც დაცვით სამუშაოს ასრულებდა, მან არანორმალური ხარისხის ფეხბურთი ითამაშა და მრავალი დეკადა ,,საყრდენები” მისებრს თამაშს ცდილობდნენ.
  • 1962-ში ზიტო ჩემპიონატის სიმბოლურში დასახელდა, მან ფინალში მასოპუსტის (იმ წლის ,,ოქროს ბურთი”) შემტევი პოტენციალის განახევრება არ იკმარა და უმნიშვნელოვანესი გოლიც გაუტანა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს. უმრავლესობის აზრით ფინალის საუკეთესო მოთამაშე ზიტო გახლდათ.
  • 34 წლის ზიტო თავის მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდა ნაკრებში. ტურნირის დაწყებამდე მან ტრავმა მიიღო და პირველი თამაში გამოტოვა. მომდევნო შეხვედრაში უნგრეთთან ფეოლამ ზიტო (და პელე, გადაღლილობის გამო) დაასვენა, ბრაზილიამ წააგო. არც ბოლო შეხვედრაში გამოჩენილა ზიტო, ბრაზილიამ კი ეუსებიოს პორტუგალიასთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა. პორტუგალიელთა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კოლუნამ უთამაშებელ ზიტოსთან საკონტინენთაშორისო თასზე მარცხისთვის ,,რევანში” აიღო (,,ბენფიკა” 2:5 ,,სანტოსის” ეპიკური შეხვედრის შედეგი საყოველთაო მოსაზრებით პელეს დიდებული თამაშის გარდა ზიტოს მიერ კოლუნას დაჯაბვნამ გამოიწვია).
  • ზიტო ხშირად კაპიტნობდა როგორც ,,სანტოსს” ისე ბრაზილიის ნაკრებს. სწორედ ის ითვლება ლეგენდარული ,,სანტოსის” ,,სულიერ ლიდერად”. მას დიდი გავლენა ჰქონდა პელეზე მოედნის გარეთაც, ,,ო რეი” მუდმივად ითვალისწინებდა მის რჩევებს პირად ცხოვრებაში. ამბობენ, რომ ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც პელესთვის თამაშისას არასწორი ქმედების გამო ,,პასუხის მოთხოვნა” შეეძლო ზიტო გახლდათ.
  • ზიტოს მემკვიდრე როგორც სანტოსში, ისე ბრაზილიის ნაკრებში იყო ბრაზილიელთა მეორე ლეგენდარული დაცვითი ნახევარმცველი კლოდოალდო. სანტოსში მან ზიტოს ნომერიც კი ,,გადაიბარა”, 70-ში კი ,,მის” პოზიციაზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
  • ,,ბარსელონას” ზე-ვარსკვლავური გუნდის და ,,სანტოსი” ნანატრი, ამხანაგური შეხვედრის შემდეგ - რომელიც კატალონელების საკუთარ მინდორზე განადგურებით (1:5) დასრულდა, ერთ-ერთმა ბარსელონელმა ფეხბურთელმა განაცხადა: ,,პელე ყველამ ვიცით ფენომენია, მაგრამ ზიტო 6 კაცის ფეხბურთს თამაშობს, ის დღეს საუკეთესო იყო” 
  • 78 წელს არგენტინულმა ,,ელ გრაფიკომ” ჩაატარა მასშტაბური გამოკითხვა ,,ყველა დროის სიმბოლურისა”, სადაც ის ჩამორჩა მხოლოდ არგენტინელ მორენოს და თანაგუნდელ დიდის. აღსანიშნავია, რომ მისგან განსხვავებით ორივე შემტევი ოპერაციებიეთ იყვნენ დაკავებული. გამომდინარე აქედან, ზიტო თავის პოზიციაზე ნომერი 1 კანდიდატი გახლდათ.

დასკვნის სახით: ბრაზილიელების ,,საყრდენი ნახევარმცველების” სკოლა საქვეყნოდ განთქმულია. ალბათ არცერთ ქვეყანას, არასდროს ყოლია იმ რაოდენობის ისეთი ოსტატები ამ პოზიციაზე, როგორც ბრაზილიას: კლოდოალდო, ტონინიო სერეზო, დუნგა, მაურო სილვა, დინო სანი, ბაუერი, ემერსონი, ალემაო...ზიტომდე იმავე პოზიციაზე ნაკრებში თამაშობდა უძლიერესი დანილო ალვიმი. მხოლოდ გემოვნების საკითხია, ვინ ვის უფრო წინ აყენებს, ალვიმს თუ ზიტოს, - კლოდოალდოს, ტონინიო სერეზოს თუ დუნგას, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებს თითქმის არ ყოლია იმდენად უკანდაწეული დაცვითი ნახევარმცველი, როგორსაც ზიტო თამაშობდა. ის პოზიციით დაახლოებით დღევანდელ მასკერანოს შეესაბამებოდა, მისი სტილიც მასკერანოსას წააგავდა, თუმცა ფიზიკურად უფრო ძლიერი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი დაცვითი სამუშაო მას ებარა, იგი მაინც ახერხებდა და ითვლებოდა ძალიან ძლიერად ,,კრეატიულ” თამაშშიც.
ზიტო გენიალური შემქნელი ვალდირ პერეირა დიდის ღირსეული პარტნიორი იყო ნახევარდაცვაში.

No comments:

Post a Comment